1.საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე: ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე (განცხადებაზე) და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. დანიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.
2.მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც მას შეაქვს პასუხი (შესაგებელი); ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი (შესაგებელი) შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. პასუხში (შესაგებელში) შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ მოპასუხე იურიდიული პირია ან ინდივიდუალური მეწარმეა − თავად მოპასუხე, ხოლო თუ მას ჰყავს წარმომადგენელი (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) − მისი წარმომადგენელი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს და რა ნაწილში; დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ; ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს; ვ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას; ზ) არსებობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობები: ზ.ა) ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა. შ.; ზ.ბ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; ზ.გ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე; ზ.დ) სხვა სახის შუამდგომლობები; თ) პასუხისთვის (შესაგებლისთვის) დართული დოკუმენტების ნუსხა; ი) მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
3.პასუხს (შესაგებელს) უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იგი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
4.პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში აღნიშნულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში აღნიშნულ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტებით.
5.მოპასუხე ვალდებულია პასუხს (შესაგებელს) დაურთოს მასში აღნიშნული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან (შესაგებელთან) ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს პასუხში (შესაგებელში). მოპასუხე უფლებამოსილია მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
6.მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
7.მოპასუხეს შეუძლია პასუხის (შესაგებლის) შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა, წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოპასუხეს მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით.
8.პასუხს ხელს აწერს მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

