1.საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 23 9 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
2.საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების მიზნით იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება ამ გადაწყვეტილებას.
4.საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე საბჭოს წევრი.
5.თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს აღინიშნება გადაწყვეტილებაში.
6.საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
7.საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის.
8.საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად: ა) საჩივარი სრულად დააკმაყოფილოს; ბ) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს; გ) საჩივარი არ დააკმაყოფილოს.
9.საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს; გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
10.საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან.
11.საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად ითვლება.
12.საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
13.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ.
14.საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1548 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

