1.კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, პერსონალურ, საკადრო და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ტარდება საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
2.კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია. კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დამსწრეთა უმრავლესობა გამოიანგარიშება უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს და კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. თუ პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.
3.თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
4.კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ დასაშვებია მხოლოდ ერთხელ 1-წუთიანი გამოსვლა კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე.
5.ფრაქციის/ფრაქციების მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს 10 წუთით.
6.კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.
7.უმაღლესი საბჭოს წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.
8.თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.
