1.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში განთავსებული სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების (მათ შორის დროებითი) ან/და დანადგარების მიმართ, რომელთა განთავსებაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით და განაშენიანების რეგულირების წესებით.
2.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ჯიხურების, დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების, ასევე მათი ინვენტარის განთავსება დასაშვებია, თუ განთავსების ადგილზე: ა) ტროტუარის სიგანე არ არის 3 მეტრზე ნაკლები; ბ) ტროტუარზე დარჩება ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, შენობაში შესასვლელი კიბე, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა), წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელი სიგანით მინიმუმ 1,8 მეტრი.
3.მეორე პუნქტში მითითებული ობიექტების განთავსება დაუშვებელია: ა) გზის სავალ ნაწილზე; ბ) ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე, გარდა ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე/გაზონზე სარეკლამო ბილბორდებისა და სატრანსპორტო საშუალების დასამუხტი მოწყობილობების განთავსებისა, კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 10 მეტრიან რადიუსში; დ) მეტროსადგურის შესასვლელთან/ჩასასვლელთან 5 მეტრიან რადიუსში; ე) სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო, სანიაღვრე ან/და მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჭების სიახლოვეს 3 მეტრიან რადიუსში; ვ) ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან 3 მეტრის რადიუსში; ზ) გზაჯვარედინამდე 5 მეტრში; თ) შენობაში შესასვლელამდე 3 მეტრში.
4.დაუშვებელია მეორე პუნქტში მითითებული ობიექტებიდან გრუნტის ზედაპირიდან მთელ სიმაღლეზე: ა) ობიექტის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების გადმოშვერა 0,3 მ-ზე მეტად; ბ) ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში), გადმოშვერა 0.6 მ-ზე მეტად.
5.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სარეკლამო, საინფორმციო ან/და მიწისზედა გადასასვლელი ნაგებობის განთავსება დასაშვებია, თუ განთავსების ადგილზე: ა) ტროტუარის სიგანე არ არის 3 მეტრზე ნაკლები; ბ) ტროტუარზე დარჩება ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, შენობაში შესასვლელი კიბე, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელი სიგანით მინიმუმ 1,8 მეტრი;
6.მეხუთე პუნქტში მითითებული ობიექტების განთავსება დაუშვებელია: ა) ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე. ბ) სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო, სანიაღვრე ან/და მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჭების სიახლოვეს 3-მეტრიან რადიუსში; გ) გზაჯვარედინამდე 10 მეტრში; დ) შენობაში შესასვლელამდე 5 მეტრში.
7.დაუშვებელია მეხუთე პუნქტში მითითებული ნაგებობების ნაწილების გრუნტის ზედაპირიდან : ა) 4,5 მ-მდე სიმაღლეზე ტროტუარის მხარეს 0,5 მ-ზე მეტად გადმოშვერა; ბ) 4,5 მ-მდე სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილის მხარეს 0,3 მ-ზე მეტად გადმოშვერა; გ) ნაგებობის მთელ სიმაღლეზე ნებისმიერი მიმართულებით 0,3 მ-ზე მეტად გადმოშვერა, როდესაც საზოგადოებრივი სივრცე არ აღემატება 3,0 მეტრს და გამოიყენება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობისათვის.
8.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ღია კაფის მოწყობის მიზნით ინვენტარის ან/და სხვა სახის კონსტრუქცია-დანადგარების განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
9.მერვე პუნქტის მიზნებისთვის გამოყენებული ინვენტარი ან/და სხვა სახის კონსტრუქცია-დანადგარები უნდა იყოს მსუბუქი, უსაძირკვლო კონსტრუქციის მქონე.
10.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ჯიხურების, დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების, ასევე მათი ინვენტარის განთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ არ ხდება დადგენილი წესით ვადის გაგრძელება, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-79 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ.

