„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 11. პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება
1. სამსახური პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს, საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის გაცემის წესს. განგრძობითი განათლების სტანდარტი განსაზღვრავს განგრძობითი განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს.
2. პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესს ადგენს სამსახური.
