1.საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
2.მობილობის პროცესი ხორციელდება კანონიერების, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებული სხვა პრინციპების შესაბამისად.
3.საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
4.საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე.
5.საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას (ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის მოძიება შესაძლებელია, განხორციელდეს ერთდროულად). ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან. მობილობის შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. თუ ამ პროცესის დასრულებამდე საჯარო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, მოხელის თანამდებობა გახდა ვაკანტური, ან საშტატო ნუსხას დაემატა ახალი საშტატო ერთეული, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ვაკანტურ თანამდებობაზე განახორციელოს შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა.
7.მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიმართვიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან ჩაატაროს გასაუბრება. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ პუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში შეთანხმების შესახებ შეუტყობინებლობა მიიჩნევა უარის თქმად.
8.ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ ინფორმაციას ათანხმებს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის თანხმობის შემთხვევაში, მოხელე ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
10.საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 მაისის დადგენილება №173 - ვებგვერდი, 28.05.2025წ.

