1.ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, სგს/ფილიალი ვალდებულია: ა) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით: ა.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში); ა.გ) „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“; ა.დ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!”. ბ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) ვალუტის დასახელება; ბ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ); ბ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ); ბ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).
2.სგს/ფილიალი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის, მათ შორის, კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში.
3.სპეციალურ საოპერაციო პროგრამას უნდა გააჩდეს ცალკ-ცალკე სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად, განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა.
4.ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს. სგს თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ნომერი; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში, კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს ) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ორივე მხარის ხელმოწერა; თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!’’.
5.სგს/ფილიალი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.
6.სგს/ფილიალი ვალდებულია ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
7.სგს-ის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ან სხვა სგს-ში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ნომერი; გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან სხვა სგს-ის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია; დ) სგს-ის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ამ პუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში; ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; ვ) გადაცვლის კურსი; ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო; თ) ორივე მხარის ხელმოწერა.
8.სგს-ის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითრის ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, სგს-მ უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან და მომსახურების ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.
9.სგს-ის მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
10.სგს-ის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, სგს-მ უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები ან/და მიკრობანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ პუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. სგს ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

