1.სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე: ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები; ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; დ 1 ) დაზვერვის სააგენტო; ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები; ვ) სამხედრო ნაწილები; ზ) სახელმწიფო რწმუნებულები; თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; ი) საქართველოს საერთო სასამართლოები; კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; ლ) (ამოღებულია - 26.06.2025, №815);
2.სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადებზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირების სამუშაო ოთახებში.
3.სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება: ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისას; ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე); გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა; დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.
4.სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებსა და დაწესებულებების დასახელებების აღმნიშვნელ აბრებზე. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1726 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №773 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №815 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
