1.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
2.სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სამსახურის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის ტერიტორიული ორგანოების), სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების) და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სისტემისგან.
3.სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3¹.სამსახურს (მათ შორის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა). მოსამსახურეებს შესაძლებელია ჰქონდეთ ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები). მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
3².სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4.სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი.
5.სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
6.სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №642 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4327 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
