1.უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.
2.საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.
3.კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.
4.კანდიდატის დასახელების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
5.თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
6.თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
7.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება, მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
8.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფი.
9.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
10.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
11.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 21 დეკემბრის რეგლამენტი №85-Iს - ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი XVII უმაღლესი საბჭოს აპარატი და დაცვა
