1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი კომისია უმაღლესი საბჭოს საქმიანობის დროებითი სუბიექტია.
2.დროებითი კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
3.დროებითი კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.
4.დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე.
5.დროებითი კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
