1.დროებით კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
2.დროებითი კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. დროებითი კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ რეგლამენტის 62-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
3.დროებითი კომისია განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილებას განიხილავს საჯაროდ, გარდა გადაწყვეტილებაში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.
4.დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი აქტები რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოში, დაწესებულებაში ან უწყებაში გადაგზავნოს. 5 კომისიის გადაწყვეტილების ქვემდებარეობით გადაგზავნის შემთხვევაში, საკითხის განხილვის შედეგებისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დროებით კომისიას უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.
6.დროებითი კომისიის პოზიციას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
7.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი კომისიის გადაწყვეტილება, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კომისიის გადაწყვეტილების განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული სხდომა.
8.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის გადაწყვეტილების განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით).
9.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და უმაღლესი საბჭოს წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.
10.კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე.
