1.თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ: ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) და ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ; ბ) (ამოღებულია - 16.11.2022, №874); გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი 2007 წლის 20 სექტემბრისთვის არ იყო სრულწლოვანი; დ) სააგენტოში დაცული ან მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი ფორმით სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ იმ სარეგისტრაციო ბლოკში, სადაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთები არ განკერძოებულა (მაგალითად: სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ ნაკვეთებს; მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამ ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებზე არ განაწილებულა მიწის ნაკვეთები და სხვ.). ე) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ: ე.ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ე.ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ე.გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას; ე.დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე.ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; ე.ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ე.ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; ე.თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ე.ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ე.კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ე.ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; ე.მ) სასაფლაო და პანთეონი; ე.ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ე.ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის; ე.პ) საძოვარი; ე.ჟ) სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.
2.ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.
3.„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ (მათ შორის, რეგისტრირებულ) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.
4.თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
5.სააგენტო უფლებამოსილია თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიაროს მხოლოდ იმ სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე, რომელშიც არანაკლებ ერთი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
6.თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ისეთ სარეგისტრაციო ბლოკში, რომელშიც ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით.
7.სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიმართავს, თუ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დგინდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს აქვს მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა); ბ) სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა; გ) დგინდება, რომ დაინტერესებული პირი თავისუფლად ფლობს მიწის ნაკვეთს იმგვარად, რომ სხვამ ვერ ისარგებლოს ამ ქონებით, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან.
8.სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაცულ ინფორმაციას, კერძოდ, ამოწმებს იგივე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თუ არა უფლება, წარდგენილია თუ არა სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ან/და ადმინისტრაციული საჩივარი. სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აგრეთვე იღებს აღნიშნულ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
9.სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციის ვადაში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობისას, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
10.დაინტერესებული პირის მოთხოვნა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
11.სააგენტო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, დაუყოვნებლივ, ელექტრონულად აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მუნიციპალიტეტს და უგზავნის მათ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №874 - ვებგვერდი, 16.11.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანება №1200 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი V. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზება

