1.მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარებული უნდა იქნეს გონივრული ვადით ადრე და გონივრული პერიოდულობით.
2.სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარების შესახებ შეტყობინებას უგზავნის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების/მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან, მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
3.მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას სამინისტროს უფლებამოსილი პირი არკვევს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაო ადგილს, მასთან ერთად მცხოვრებ პირთა შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, ასაკი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი) და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. მსჯავრდებულს/ უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას წერილობით განემარტება ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
4.მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ცვლილებისას ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეუსრულებლად არ ჩაითვლება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზი: ა) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, რაც ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება; ბ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება; დ) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობა, კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება; ე) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის კანონით დადგენილი წესით დაკავება/პატიმრობა, მისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება; ვ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება სამინისტროს სათანადო ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე; ზ) სხვა გარემოება, რომელიც მიჩნეულია საპატიო მიზეზად მინისტრის ბრძანებით.
6.მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მსჯავრდებულს ეკისრება ნასამართლობის ვადით, ხოლო უფლებაჩამორთმეულ პირს − უფლების ჩამორთმევის ვადით.
8.უფლებაჩამორთმეულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ნასამართლობის ვადით ეკისრება, თუ მისთვის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლების ჩამორთმევის ვადა ნასამართლობის ვადაზე ნაკლებია. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3535 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

