გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 5. კრედიტორთა მოთხოვნები
1.კრედიტორული მოთხოვნა არის ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფულადი სახით გამოიხატოს, რომლის შესრულების ვალდებულება ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალეს ეკისრება და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.
2.კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს მას კრედიტორული მოთხოვნა, თუ ის განსხვავდება მოვალის მიერ აღიარებული მოთხოვნის ოდენობისგან. ეს ვადა შეიძლება აღდგენილ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა დაგვიანებულად მიიჩნევა.
3.კრედიტორს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეტყობინება არ გაეგზავნა, უფლება აქვს, მოთხოვნა წარადგინოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე შეტყობიდან 30 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
4.მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, მოთხოვნის ოდენობისა და მისი ნამდვილობის შესამოწმებლად კრედიტორისგან დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები გამოითხოვოს.
