გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 65. საცილო ქმედების ცნება
1.მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, საცილო გახადოს შემდეგი ქმედებები: ა) გადახდისუუნარობის მასის განზრახ შემცირება − ქმედება, რომლის მიზანია გადახდისუუნარობის მასის შემცირება, მოვალის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვა ან გადამალვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას კრედიტორებისთვის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მისაღწევად ან გადახდისუუნარობის მასისთვის ზიანის სხვაგვარად მიყენება; ბ) გადახდისუუნარობის მასის გაუფასურება − ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაცემა, რაც მოვალის გადახდისუუნარობის დადგომამდე განხორციელდა ან რამაც მოვალის გადახდისუუნარობა გამოიწვია და რისი შედეგიცაა გადახდისუუნარობის მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება, მათ შორის: ბ.ა) მოვალის ქონების განკარგვა; ბ.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების აღება, თუ ეს უსასყიდლოდ ხდება ან ამის სანაცვლოდ მოვალე იღებს არასათანადო საპასუხო შესრულებას. არასათანადო საპასუხო შესრულება არსებობს, როდესაც მოვალე იმაზე ნაკლებს იღებს, ვიდრე, ჩვეულებრივ, მიიღებდა სხვა პირი, ხოლო თუ ამის დადგენა შეუძლებელია, შესრულების სათანადოობა მოვალის მიერ გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით უნდა დადგინდეს; გ) უპირატესობის მინიჭება − ქმედება, რომელიც კრედიტორების ამ კანონით დადგენილი წესით დაკმაყოფილებას ხელს უშლის, ან/და ქმედება, რომელიც კრედიტორს ისეთ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას ამ ქმედების გარეშე არ ექნებოდა, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც არ დამდგარა, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება გათვალისწინებული იყო ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას.
2.ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების წესი არ ზღუდავს სხვა კანონებით, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას ისეთი ქმედების წინააღმდეგ, რომელიც მოვალის ქონების გადამალვას ან სხვაგვარად არაკეთილსინდისიერად განკარგვას უკავშირდება. ამასთანავე, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული ბათილობის ან ზიანის ანაზღაურების სხვა წინაპირობა, შესაბამისი დავა სათანადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება.
