მუხლი 11. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
1. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან ცვლილების რეგისტრაციისთვის ფიზიკური პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ან ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე − პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელს; ბ) განმცხადებლის იურიდიულ მისამართს; გ) განმცხადებლის პირად ნომერს, ხოლო თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე − მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; დ) განმცხადებლის ხელმოწერას.
3. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ან ცვლილების რეგისტრაციისთვის განცხადების მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
