1.სამეურნეო მიზნით ერთობლივად მოქმედ პირთა შემთხვევაში, რომლებიც არ არიან გაერთიანებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი ფორმით, შესაძლებელია, აგრეთვე, გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მასად ჩაითვლება ქონების ყველა ობიექტი, რომელიც მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ემსახურებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ მონაწილეს ეკუთვნის იგი. მოგებაში მონაწილე ერთად მომუშავე პირები ერთობლივი მუშაობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებაში არ მიიჩნევიან გაკოტრების კრედიტორებად მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად.
2.თუ ვალდებულებების (გაკოტრების მასის) საერთო თანხა ათას ლარზე მეტი არაა, მაშინ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის გამარტივებული წარმოების შესახებ. გადაწყვეტილებას აღასრულებს მმართველი დამოუკიდებლად, სასამართლოს ზედამხედველობით. გაკოტრების მმართველი შესაბამისად წარადგენს დასამტკიცებლად მის მიერ შედგენილ გაკოტრების ტაბულას, მიღწეულ საგაკოტრებო მორიგებებს. საქმის გამარტივებული წარმოება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საწარმოების მიმართაც. საქართველოს პარლამენტის უწყებანი №29-30, 11.12.1996 წ., გვ.34

