1.საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლებელია საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.
2.საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.
3.საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ოქმს.
4.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას; გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას; დ) საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმების რაოდენობას.
5.საოლქო საარჩევნო კომისიის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. ოქმი დგება 1 ეგზემპლარად, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს.
6.საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი დამოწმებული ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმის დამოწმებული ფოტოასლები გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიასა და პარტიების წარმომადგენლებს.
7.საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისთვის.
8.საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ. ამ ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), თანამდებობა (საქმიანობა) და სამუშაო ადგილი (არსებობის შემთხვევაში).

