1.საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს და მათ არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.
2.საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული); გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); დ) საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა; ე) საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი); კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამ უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი; ლ) იმ საარჩევნო უბნებში გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი; მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (კომისიის წევრი ამ ჩანაწერს აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამ პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, აგრეთვე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, არჩევნების მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.
3.თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან არჩევნების მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.
4.საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
5.თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.
6.საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
7.საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.
8.საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ მათში ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
9.საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
10.ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
11.საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 73-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 67-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს ცესკოს.

