მუხლი 11. რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები
1. რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაციისთვის გადაიხდება „ საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.
2. სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3. სხვა სახელმწიფოში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
4. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.
5. საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა.
