მუხლი 10. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება
1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს მიერ ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება.
2. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად ან ფოსტის მეშვეობით.
3. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.
4. სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ასევე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული სახით.
