მუხლი 9. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა
1. დაინტერესებული/წარმომადგენელი ფიზიკური პირის ვინაობა დგინდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი სახელმწიფო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.
3. დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება ხდება მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.
4. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს განცხადების წარმომდგენი ავტორიზებული პირის მეშვეობით, განცხადების წარმომდგენის ვინაობა დგინდება სააგენტოსთან არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტით და განცხადების წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
