1.სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, და ეს ღონისძიება განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელება.
2.თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.
3.სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
