1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.
2.დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებით.
3.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.
4.იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, რომელსაც ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება საავადმყოფოში დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი.
5.სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული ქალთა სპეციალური დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გენერალური დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
6.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–17 3 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები.
7.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისა და ყოფნის წესი და პირობები ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

