1.ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.
1¹.ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც სარგებლობენ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით.
2.ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმების განსაზღვრის თაობაზე ერთობლივი ბრძანების გამოცემა.
3.ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების პროგრამის დამტკიცება.
4.სამინისტროს ადგილობრივი საბჭო არის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე.
5.სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ განახორციელოს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარმოებაში არსებული საქმეები.
6.უფლებამოსილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა განახორციელონ ღონისძიებები, რათა ეტაპობრივად მოხდეს ამ კოდექსით დადგენილი საცხოვრებელი ფართობის ოდენობების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან დაახლოება სახელმწიფოს შესაძლებლობების გათვალისწინებით.
7.სამინისტრომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი კურსის გავლის ვადების განსაზღვრა.
8.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან შეთანხმებით მოამზადოს და არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წესის დამტკიცების შესახებ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2701 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

