1.პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის პენიტენციური დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2.მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3.კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 57 1 და 57 2 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4.კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5.კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
6.კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7.კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

