ChatGpT-ის მიერ დაწერილი ნაწარმოები ვისია? სამართლებრივი ანალიზი
ათასობით ქართველი ფრილანსერი, კოპირაიტერი, ბლოგერი და სტარტაპი დღეს ChatGPT-ს იყენებს კონტენტის შესაქმნელად. კითხვა, რომელსაც ყველა სვამს, მაგრამ ცოტა ვინმე პასუხობს, ასე ჟღერს: თუ AI-მ დაწერა, ეს ჩემია? შემიძლია ეს ნაწარმოები მე გამოვიყენო? ან/და ჩემი სახელი დავარქვა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის, რადგან პასუხის გაცემა ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ცალსახად ადგენს, რომ საავტორო უფლება ეკუთვნის ნაწარმოების შემქმნელს — ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი, როგორც სისტემა, ქართული სამართლის კონტექსტში „ავტორად“ ვერ ჩაითვლება.
ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, ChatGPT-ის მეშვეობით გენერირებულ ტექსტს ავტომატურად არ გააჩნია ის სამართლებრივი დაცვა, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილ ნაწარმოებს ენიჭება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ ჰიპოთეზას ხელოვნური ინტელექტის ავტორობის შესახებ, ჩნდება კითხვა: როგორ შეძლებს სისტემა იმ უფლებებით სარგებლობას, რომლებსაც საავტორო სამართალი ავტორს გარანტირებულად ანიჭებს? საავტორო უფლებები მხოლოდ აღიარების წინაპირობა არ არის; მათი დანიშნულებაა, ავტორმა საკუთარი შემოქმედებით მიიღოს ეკონომიკური სარგებელი და მატერიალური შემოსავალი. ხელოვნურ ინტელექტს კი მსგავსი მოთხოვნილებები არ გააჩნია და, შესაბამისად, ამ უფლებების დაკმაყოფილება ფიზიკურად შეუძლებელია.
OpenAI-ის გამოყენების პირობები (Terms of Use) განსაზღვრავს, რომ გენერირებული შედეგი (Output) - ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტი -გარკვეული დათქმებით მომხმარებელს ეკუთვნის. კერძოდ:
· მომხმარებელი სისტემას აწვდის საწყის მონაცემებს (Input/Prompt);
· OpenAI იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ეს მონაცემები მოდელის შემდგომი სრულყოფისთვის;
· კომერციული გამოყენება ნებადართულია პლატფორმის წესების დაცვის ფარგლებში.
შესაბამისად, ChatGPT Plus-ის ან API-ის მომხმარებელი ფორმალურად უფლებამოსილია მოახდინოს გენერირებული ტექსტის რეალიზაცია. თუმცა, საკითხის სამართლებრივი მხარე ამით არ ამოიწურება.
ძირითადი სამართლებრივი რისკები
რეალური პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, ნამუშევრის ორიგინალობის ნაკლებობას უკავშირდება:
თუ ხელოვნურმა ინტელექტმა ტექსტი სხვა ავტორთა დაცულ ნამუშევრებზე დაყრდნობით შექმნა, არსებობს პლაგიატის ან საავტორო უფლებების დარღვევის საფრთხე;
საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა სწრაფად ვითარდება, რაზეც მოწმობს მიმდინარე დავა ისეთ გიგანტებს შორის, როგორიცაა Getty Images და OpenAI;
კლიენტს, ვისი სახელითაც ქვეყნდება ტექსტი, შესაძლოა გაუჩნდეს პრეტენზია ავტორობასთან დაკავშირებით, რაც დამატებით სამართლებრივ დავებს წარმოშობს;
ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების ოფისის განახლებული გზამკვლევის მიხედვით, შემოქმედებითი პროცესის ძირითადი ნაწილი კვლავ ადამიანის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ როგორც დამხმარე საშუალება, თუმცა იმგვარად, რომ ნაწარმოებმა არ დაკარგოს თავისი ორიგინალურობა და მასში მკაფიოდ აისახოს ადამიანის ინტელექტუალური წვლილი.
შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის მიერ ან მისი მონაწილეობით შექმნილი ყოველი ნაწარმოები ინდივიდუალურ შეფასებასა და ანალიზს საჭიროებს, რადგან ამ საკითხზე წინასწარი, უნივერსალური პასუხის გაცემა შეუძლებელია. ცალსახად შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ ავტორად მხოლოდ ფიზიკური პირი უნდა მიიჩნეოდეს. ხოლო ის, ჩაითვლება თუ არა მომხმარებელი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ნაწარმოების ავტორად, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: რა დოზითა და ფორმით იქნა გამოყენებული ტექნოლოგია, რამდენად შესაძლებელია ადამიანის ინტელექტუალური ძალისხმევის განცალკავება მანქანური ნაშრომისგან და რამდენად ნარჩუნდება შემოქმედებითი პროცესის წარმართვა ადამიანის მიერ.







