1.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება.
2.სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.
3.ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს.
4.საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
5.საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.
6.ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.
7.დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. 7 1 . დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.
8.საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
9.განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
10.ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189





