1.საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ თარგმანს საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირისთვის სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, პატენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის ქართულ თარგმანში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული იქნება მხოლოდ ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის შესაბამისი ქართული თარგმანი.
3.ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წარადგინოს შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს, ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებულ თარგმანს იურიდიული ძალა არა აქვს, ვიდრე მას არ გამოაქვეყნებს საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
4.ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს გამოგონებას ან რომელმაც განახორციელა ქმედითი და მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა გამოგონების გამოყენებისთვის, რომლის გამოყენებაც თარგმანის პირვანდელ ვარიანტში განაცხადზე ან პატენტზე უფლების დარღვევად არ იყო მიჩნეული, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია საფასურის გადახდის გარეშე გააგრძელოს გამოგონების თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისთვის გამოყენება. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.



