1.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციის სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირების დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, კერძოდ: ა) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს; ბ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე; გ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე; დ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; ე) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; ვ) თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
2.გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ, ან დებულების შესაბამისი მუხლებით დადგენილ ვადებში, ეცნობოს დისკვალიფიცირებულ პირს დისკვალიფიკაციის მიზეზის მითითებით.
3.დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.
4.იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“,“ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი მიღების მიზეზები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
5.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მიზეზების გამო დისკვალიფიცირებული პირების აღრიცხვას და აცნობებს ამ პირთა სიას დაინტერესებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს.
6.დისკვალიფიცირებულ პირთა ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან ხდება იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ექნება ადგილი მათ დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვებიდან იგივე მიზეზებით, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მათი დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
7.იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირი დისკვალიფიკაციის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორედ იქნება დისკვალიფიცირებული ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მიზეზების გამო, მისი ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სიიდან მოხდება მხოლოდ დისკვალიფიკაციის შესახებ ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის შემდეგ თავი V ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ




