1.ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში.
2.ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, საკუთარი სახსრებით, არანაკლებ სიცოცხლეში ერთხელ კი – სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი.
3.ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი საბუთის საფუძველზე პაციენტს ენიჭება სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
4.პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის სახეებია: ა) ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში; ბ) მკურნალობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.
7.თუ ნარკომანიით დაავადებულ პირს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი და იგი უარს აცხადებს ნებაყოფლობით მკურნალობაზე, სავალდებულო მკურნალობის აუცილებლობას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება კომისიური წესით, რის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება პირისათვის სავალდებულო მკურნალობის ჩატარების შესახებ. სრულწლოვან პაციენტებს სავალდებულო მკურნალობა უტარდება სპეციალიზებულ, დახურული ტიპის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, ხოლო არასრულწლოვან პაციენტებს – სპეციალიზებულ, დახურული ტიპის სამკურნალო აღმზრდელობით დაწესებულებაში. სავალდებულო მკურნალობა წყდება შესაბამისი დაწესებულების კომისიური გადაწყვეტილების საფუძველზე. სავალდებულო მკურნალობისათვის თავის არიდება ისჯება კანონით. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2718 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.55 თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი



