Article 37. უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები; ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
2. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად არ იცვლება თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები; ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
3. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად იცვლება თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება თანამესაკუთრეების საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება (განჩინება); ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; გ) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები; დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
4. უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისებისას წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომელზეც შესრულებულია დაყოფის სქემატური ნახაზი; ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
