Article 190. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების მარეგულირებელი დროებითი წესი
1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს: ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან; ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან; გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.
2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს.
