საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგადახდო სისტემა − ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა, კლირინგის სისტემა; ბ) ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა – საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციების ან ტრანსფერორდერების დამუშავებას; გ) ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება; დ) კლირინგის სისტემა – სისტემის სამ ან სამზე მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ხდება კლირინგი და ნეტპოზიციების გამოთვლა ან/და დადგენა მონაწილეებს შორის შემდგომი ანგარიშსწორებისთვის და რომელშიც ნეტპოზიციების გამოთვლა შეიძლება ემყარებოდეს პრინციპს, რომლის დროსაც სისტემის ოპერატორი მოქმედებს გამყიდველის სახელით ყველა მყიდველის მიმართ და მყიდველის სახელით ყველა გამყიდველის მიმართ; დ 1 ) კლირინგი − ანგარიშსწორებამდე ოპერაციის გადაცემის, რეკონსილაციის და, არსებობის შემთხვევაში, დადასტურების პროცესი. კლირინგი შესაძლოა აგრეთვე მოიცავდეს ოპერაციების ურთიერთგაქვითვას და ანგარიშსწორებისთვის საბოლოო პოზიციების დადგენას; ე) ნეტპოზიცია – დროის განსაზღვრული მომენტისთვის სისტემის მონაწილის მიერ მიღებული ყველა ჩარიცხვის ან სხვა მოთხოვნის ოდენობების ჯამს გამოკლებული მის მიერ სხვა მონაწილის ან მონაწილეთა სასარგებლოდ განხორციელებული ყველა გადარიცხვის ან სხვა ვალდებულების ჯამი; ვ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) − სისტემის მონაწილის ნეტპოზიციის დადგენისას მიღებული დადებითი სიდიდე; ზ) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) − სისტემის მონაწილის ნეტპოზიციის დადგენისას მიღებული უარყოფითი სიდიდე; თ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − ნეტპოზიციის გამოთვლა ან/და დადგენა, რის შედეგადაც სისტემის მონაწილეს წარმოეშობა ნეტმოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება ან ნეტვალდებულების დაფარვის მოვალეობა. ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) ხდება როგორც ორმხრივი (ორ მონაწილეს შორის), ისე მრავალმხრივი (ორზე მეტ მონაწილეს შორის) საერთო ვალდებულებებისა და მოთხოვნების გაანგარიშების − ურთიერთჩათვლის − საფუძველზე; ი) სისტემის ოპერატორი (ოპერატორი) – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად, უფლებამოსილია და პასუხისმგებელია საგადახდო სისტემის ოპერირებისა და სისტემის წესების შემუშავებისთვის; კ) სისტემის წესები − სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სისტემის მუშაობას; ლ) მნიშვნელოვანი სისტემა – სისტემა, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად მიანიჭა მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსი; მ) სისტემის მონაწილე (მონაწილე) – იურიდიული პირი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია სისტემაში ტრანსფერორდერის გაცემა და რომელიც მიჩნეულია სისტემის მონაწილედ სისტემის წესების შესაბამისად. სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საკლირინგო დაწესებულება, ფინანსური ინსტიტუტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშსწორების აგენტი, სისტემის ოპერატორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მისი სტრუქტურული ერთეული, სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან საგადახდო სისტემა; ნ) ანგარიშსწორების აგენტი – იურიდიული პირი, რომელიც სისტემის მონაწილეებს უზრუნველყოფს ანგარიშსწორების ანგარიშებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება მონაწილეთა შორის ანგარიშსწორება სისტემაში შესრულებული ტრანსფერორდერების საფუძველზე. ანგარიშსწორების აგენტი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და მომსახურება; ო) ანგარიშსწორების ანგარიში – ანგარიშსწორების აგენტის შესაბამისი უნიკალური ჩანაწერი, რომელზედაც აღირიცხება ფულადი სახსრები ან ფინანსური ინსტრუმენტები და რომლის მეშვეობითაც ხდება ანგარიშსწორება; პ) ანგარიშსწორება − ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება სისტემის მონაწილეებს შორის შესაბამის ფულად სახსრებზე ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებზე საკუთრების უფლების გადაცემა; ჟ) ტრანსფერორდერი − სისტემის მონაწილის მიერ მეორე მონაწილის მიმართ სისტემაში გაცემული დავალება მიმღებისთვის ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესახებ ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ; ან დავალება, რომლის შედეგადაც ხდება მონაწილის მიერ გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება ან გადახდის ვალდებულების სისტემის წესების შესაბამისად შესრულება; რ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტი; ს) ფინანსური ინსტრუმენტი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტი; ტ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5681); უ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (რეჟიმი) − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (რეჟიმი); ფ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5681); ქ) ფინანსური გირავნობა – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური გირავნობა; ღ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5681); ყ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5681); შ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5681); ჩ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) − იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ც) ელექტრონული ფულის პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს ელექტრონულ ფულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ძ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები; წ) გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას; ჭ) მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია; ხ) საგადახდო ინსტრუმენტი – ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების ინიციირებას; ჯ) ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას; ჰ) ელექტრონული ფული – ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე) და რომელსაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა, მესამე პირებიც აღიარებენ; ჰ 1 ) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელისგან ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მხოლოდ მიმღებისთვის ან მისი სახელით მოქმედი სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასაცემად ან/და ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მიმღების სახელით და უზრუნველყოფილია ამ ფულადი სახსრების მიმღებისთვის ხელმისაწვდომობა. ფულადი გზავნილი ხორციელდება გადამხდელის ან/და მიმღების სახელზე საგადახდო ანგარიშების გახსნის გარეშე; ჰ 2 ) გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია; ჰ 3 ) საგადახდო დავალება – გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე; ჰ 4 ) მუდმივი დავალება − გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზედაც პროვაიდერი ახორციელებს რეგულარულ გადახდებს მიმღების სასარგებლოდ; ჰ 5 ) პირდაპირი დებეტი − საგადახდო ინსტრუმენტი, რომელშიც გადახდის ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის (დადებეტების) მიზნით, გადამხდელის მიერ მიმღებისთვის, მიმღების პროვაიდერისთვის ან გადამხდელის პროვაიდერისთვის გაცემული წინასწარი თანხმობის საფუძველზე; ჰ 6 ) ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საშუალებას აძლევს, მოახდინოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამოცნობა/იდენტობის დადგენა ან საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის დადგენა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს გამოყენებული უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების შემოწმებას; ჰ 7 ) ექვაირინგი − საგადახდო მომსახურება, რომელსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს და რომელიც მოიცავს გადახდის ოპერაციის მიღებასა და დამუშავებას, რის შედეგადაც ფულადი სახსრები გადაირიცხება მიმღებთან; ჰ 8 ) აგენტი − პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახელით; ჰ 9 ) მნიშვნელოვანი წილი − განცხადებული თუ შევსებული კაპიტალის წილის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით; ჰ 10 ) ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ჰ 11 ) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია − ავთენტიფიკაცია, რომელიც დამყარებულია ორი ან ორზე მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის გამოყენებაზე: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია); ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია იმგვარად, რომ ერთი კატეგორიის ელემენტის ნებისმიერი გზით გამჟღავნება არ გამოიწვევს დანარჩენი კატეგორიების ელემენტის/ელემენტების საიმედოობის კომპრომეტირებას. ავთენტიფიკაციის პროცედურა შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი განხორციელებისას დაცულ იქნეს ავთენტიფიკაციის მონაცემების კონფიდენციალურობა; ჰ 12 ) უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები − პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომლებსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აწვდის საგადახდო მომსახურების მომხმარებელს ავთენტიფიკაციის მიზნით; ჰ 13 ) გადახდის ინიციირების მომსახურება − საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო ანგარიშიდან საგადახდო დავალების ინიციირების მომსახურება; ჰ 14 ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება − ერთ ან ერთზე მეტ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ერთი ან ერთზე მეტი საგადახდო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად განკუთვნილი ონლაინმომსახურება; ჰ 15 ) ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც გადამხდელს უზრუნველყოფს საგადახდო ანგარიშით და უწევს ამ ანგარიშით მომსახურებას; ჰ 16 ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს გადახდის ინიციირების მომსახურებას; ჰ 17 ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი − საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებას; ჰ 18 ) სენსიტიური საგადახდო მონაცემი − მონაცემები, მათ შორის, უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია თაღლითური ოპერაციის განხორციელება. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის მიერ განხორციელებული მომსახურებისთვის საგადახდო ანგარიშის მფლობელის სახელი და საგადახდო ანგარიშის ნომერი არ წარმოადგენს სენსიტიურ საგადახდო მონაცემს; ჰ 19 ) საკომისიო − საკომისიო, აგრეთვე მომხმარებლის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომლებიც შინაარსობრივად პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის საფასურს წარმოადგენს; ჰ 20 ) ურთიერთგაცვლის საკომისიო − საკომისიო, რომლის გადახდა ხდება მიმღებისა და გადამხდელის პროვაიდერებს შორის თითოეული გადახდის ოპერაციისთვის; ჰ 21 ) ქო-ბეჯინგი − საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან ერთი საგადახდო ბრენდის ორი ან ორზე მეტი საგადახდო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა; ჰ 22 ) უნიკალური იდენტიფიკატორი − ასოების, ციფრების ან სიმბოლოების უნიკალური კომბინაცია, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა საგადახდო მომსახურების მომხმარებელს მიაწოდა. უნიკალური იდენტიფიკატორი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის სხვა მომხმარებლის ან/და ამ უკანასკნელის საგადახდო ანგარიშის ცალსახად ამოსაცნობად/დასადგენად; ჰ 23 ) სარგებლის თარიღი − საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო ანგარიშიდან დადებეტებულ და საგადახდო ანგარიშზე დაკრედიტებულ ფულად სახსრებზე პროცენტის (როგორც მისაღები, ისე გადასახდელი) გამოსაანგარიშებლად გამოსაყენებელი სახელმძღვანელო თარიღი; ჰ 24 ) საგადახდო ანგარიში − ერთი ან ერთზე მეტი მომხმარებლის სახელზე არსებული ანგარიში, მათ შორის, ელექტრონული ფულის ანგარიში, რომელიც გამოიყენება გადახდის ოპერაციების შესასრულებლად; ჰ 25 ) ემიტენტი − პროვაიდერი, რომელიც ახდენს საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებას, რომლითაც შესაძლებელია გადახდის ოპერაციის ინიციირება; ჰ 26 ) ჩარჩოხელშეკრულება − საგადახდო მომსახურების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება (ცალკე არსებული ან სხვა შეთანხმების ნაწილი), რომელიც არეგულირებს ცალკეული და შემდგომი გადახდის ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაძლოა მოიცავდეს საგადახდო ანგარიშის გახსნის ვალდებულებასა და პირობებს; ჰ 27 ) ფულადი სახსრები − ბანკნოტები, მონეტები, ფული საგადახდო და საბანკო ანგარიშებზე; ჰ 28 ) საგადახდო ბრენდი – მატერიალური ან ციფრული ფორმით არსებული სახელწოდება, ტერმინი, ნიშანი, სიმბოლო ან მათი კომბინაცია, რომელთა საშუალებით შესაძლებელია იმ საგადახდო სქემის განსაზღვრა, რომლითაც სრულდება გადახდის, მათ შორის, საბარათე, ოპერაციები; ჰ 29 ) საგადახდო სქემა − საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდის ოპერაციების დამუშავების წესებს და რომელსაც მართავს (მართავენ) შესაბამისი პასუხისმგებელი იურიდიული პირი (პირები). საგადახდო სქემა არ მოიცავს ამ წესების საფუძველზე მოქმედ ინფრასტრუქტურასა და საგადახდო სისტემას; ჰ 30 ) ციფრული შიგთავსი/ინფორმაცია − საქონელი ან მომსახურება, რომელსაც არ აქვს ფიზიკური ფორმა, მისი შექმნა და მიწოდება ხორციელდება ციფრული ფორმით, გამოყენება ან/და მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობით და რომელიც არ მოიცავს ფიზიკური ფორმის მქონე საქონლის ან მომსახურების გამოყენებას ან/და მოხმარებას; ჰ 31 ) კომერციული შუამავალი − პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს მხოლოდ გადამხდელის ან მხოლოდ მიმღების სახელით საქონლის ან/და მომსახურების გაყიდვისას ან შეძენისას; ჰ 32 ) ჯგუფი − იურიდიული პირების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთ-ერთი შემდეგი ურთიერთობით: ჰ 32 .ა) ერთი იურიდიული პირი ფლობს მეორე იურიდიული პირის ხმის უფლების მქონე წილების უმრავლესობას; ჰ 32 .ბ) ერთ იურიდიულ პირს უფლება აქვს, დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მეორე იურიდიული პირის მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტი, თუ იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ამ მეორე იურიდიული პირის წილის მფლობელი; ჰ 32 .გ) ერთ იურიდიულ პირს დომინირებული გავლენა აქვს ან აკონტროლებს მეორე იურიდიულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების ან მეორე იურიდიული პირის წესდების საფუძველზე; ჰ 32 .დ) იურიდიული პირები იმყოფებიან მესამე პირის ერთიანი მმართველობის ქვეშ; ჰ 32 .ე) იურიდიული პირების მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა უმრავლესობა ერთი და იგივე პირები არიან; ჰ 33 ) საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით; ჰ 34 ) ქო-ბრენდი – ერთსა და იმავე საგადახდო ინსტრუმენტზე სულ მცირე ერთი საგადახდო ბრენდის და სულ მცირე ერთი არასაგადახდო ბრენდის არსებობა; ჰ 35 ) ჭკვიანი მარშრუტიზაცია − საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციისთვის ყველაზე ოპტიმალური, ნაკლებად ხარჯიანი ან/და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ არჩეული გადახდის არხის დინამიკური შერჩევის მეთოდი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: გადახდის ოპერაციის ღირებულება (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასახდელი საკომისიო, სხვა გადასახდელი საკომისიო, გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ხარჯი), გადახდის ოპერაციის დამუშავების სიჩქარე, ქსელის ხელმისაწვდომობა ან/და გადახდის სისტემა/მეთოდი, რომელსაც მომხმარებელი (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტი) უპირატესობას ანიჭებს. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. თავი II. სისტემის ოპერატორი
