საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 29. საგადახდო დავალების გამოთხოვის დაუშვებლობა
1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს იგი, თუ მას გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული.
3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა.
5. მომხმარებელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა.
