Article 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები
1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა.
2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. 2 1 . იურიდიული დახმარების სამსახური გადახდისუუნარო პირისთვის უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად. 2 2 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV 11 თავით გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ მხარდაჭერის მიმღებისთვის, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი. 2 3 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უცხოელისთვის, მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ან თავშესაფრის მაძიებლისთვის უზრუნველყოფილია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში. ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ თავშესაფრის მაძიებლისთვის ან იმ საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის, რომლის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 30 თავით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია. 2 4 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის, როდესაც მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 13 მუხლით დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია. 2 5 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ და აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს, დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან და ამ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით, ამ საქმეზე იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. აღნიშნული საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით. 2 6 . სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად მიიჩნევა, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო აღნიშნული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და ამ კანონით დადგენილი წესით დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა; ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე.
