Article 8. იურიდიული დახმარების სამსახური
1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.
2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.
3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
5. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისგან.
6. სამსახურის დებულებასა და სამსახურის სტრატეგიას, აგრეთვე სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3886 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
