უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა
1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად; მ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. 1 1 . D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში. 1 2 . საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით არ უდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 1 3 . საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელმაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღო, შეუწყდება იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც აქვს მიღებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. აღნიშნულ უცხოელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არ შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტამდე სააგენტოს საჯარო რეესტრიდან წარუდგენს ამონაწერს იმავე ან უფრო მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. აღნიშნული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება დადგენილი უნდა ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებულ შემფასებელს. 1 4 . ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
