1.განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი ინვესტორმა შეიძლება მოითხოვოს ინვესტიციის განხორციელების დაწყებამდე ან მის შემდეგ.
2.ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მისანიჭებლად ინვესტორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს საინვესტიციო განაცხადს, რომელსაც უნდა დაერთოს ინვესტიციის განხორციელების დეტალური გეგმა.
3.საინვესტიციო განაცხადს შეისწავლის (შეისწავლიან) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამინისტრო (სამინისტროები) ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანო (ორგანოები) მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, რის საფუძველზედაც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული წამყვანი სამინისტროს მოტივირებული წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება ინვესტორს. აღნიშნულ ვადაში საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმად.
4.განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ინვესტიციის პირობები. მხარეთა შეთანხმებით საინვესტიციო გეგმასა და ხელშეკრულებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. ხელშეკრულების პირობები საჯაროა.
5.განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისთანავე ინვესტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ეკისრება ინვესტიციების განხორციელების საგარანტიო თანხის დეპონირება, რომელიც შეადგენს ინვესტიციების მოცულობის 2 %-ს, ან შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა.
6.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო ვალდებულია აწარმოოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების სისტემატური მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისთვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
7.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.
8.საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დეტალურად განსაზღვროს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების პროცედურა. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №848 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1547 - ვებგვერდი, 30.04.2026წ.




