Article 63. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან ან საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანასთან დაკავშირებული ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, აკრძალვები ან/და შეზღუდვები
1. საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები ან/და აკრძალვები.
2. საქონლის მიერ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა აკრძალულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საბაჟო ტერიტორიიდან, თუ ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შეუძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის დაუყოვნებლივ გატანა, იგი დროებით უნდა დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან უნდა მოთავსდეს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში. ამგვარი საქონლის გატანის ვალდებულება და დროებითი შენახვის ხარჯები სოლიდარულად ეკისრებათ საქონლის მიმღებსა და საქონლის მფლობელს. ასეთ შემთხვევაში დროებითი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ დღეს, რომლის გასვლის შემდეგაც საქონლის განკარგვა მოხდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.
