Article 64. საბაჟო კონტროლის განხორციელება
1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ არის აკრძალული.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვები ან/და ლიცენზიები, რომლებიც სავალდებულოა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის, წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურების განხორციელებისას.
3. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოიწვიოს ექსპერტი. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. საბაჟო კონტროლის განხორციელებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზიანი არ უნდა მიაყენოს შესამოწმებელ საქონელსა და გარემოს. საბაჟო კონტროლი ხორციელდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
5. საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში, უბაჟო ვაჭრობის პუნქტში, საფოსტო მომსახურების ადგილზე, ნავსადგურში, აეროპორტსა და რკინიგზის სადგურში საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობის ან ფართობის მესაკუთრისაგან ან მფლობელისაგან (თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი) უსასყიდლო სარგებლობისათვის მოითხოვოს და მიიღოს საჭირო შენობა-ნაგებობა ან ფართობი, რომელთა ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
