Closest in meaning — including in other laws
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ: ა) რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა; ბ) რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ; გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაგეგმური შემოწმებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.
2.რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე შემოწმების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენას (ხელზე ჩაბარებით ან ფოსტის მეშვეობით) რეგულირების ობიექტისათვის, ხოლო თუ ამ პერიოდისათვის შემოწმება დასრულებულია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება მისი დასრულების შემდეგ, ამ პუნქტში მითითებული წარდგენის წესით.
5.რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს მიეკუთვნება რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაცია, დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება, ასევე სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, რომლებიც ცნობილი გახდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
7.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.
8.თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი ან/და მოწყობილობა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა) და დეპარტამენტის უფროსმა ან დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის) უფროსმა დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.