1.თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე), მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში.
2.თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
3.თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.
4.გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).
5.თუ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს ქირავნობის საფუძველზე, ის არ ჩაითვლება ამ კანონის 1 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებები.
6.თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
7.თუ მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაწყდება სასამართლო წესით. 7 1 . თუ ერთ-ერთი მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, მეორე მხარე უფლებამოსილია სარჩელში მოპასუხის მისამართის მიუთითებლად მიმართოს სასამართლოს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მეორე მხარის მიმართ საჯარო შეტყობინებას. 7 2 . ამ მუხლის 7 1 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარე უფლებამოსილია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და ამის შემდეგ განახორციელოს საცხოვრებელი სადგომის თავის საკუთრებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
8.იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.
9.მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
10.მესაკუთრეს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლო წესით მოითხოვოს მე-8 პუნქტით დადგენილი კომპენსაციის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება.
11.ამ მუხლით საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით.
12.თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.
13.ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2789 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.79 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5446 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.






