For information only — not legal advice.
1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი). სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს (ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი. ამ პირების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს სააქციო საზოგადოებაში აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, ხოლო ყველა დანარჩენ საზოგადოებაში – თითოეულ პარტნიორს.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად . ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.
7. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. 7 1 . ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე; გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული. 7 2 . ამ მუხლის 7 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 48-ე მუხლით დადგენილი წესით. რეგისტრაციის ამ წესის დაუცველად შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.
9. თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა განაცხადონ ამის თაობაზე. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირები ამ განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/543 – ვებგვერდი, 14.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3395 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4361 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №140 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5993 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7181 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
Closest in meaning — including in other laws