1.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აგრეთვე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს, რომელთა მიზანია პირის მიერ სამსახურში ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა უწყებაში/ორგანიზაციაში (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით.
2.სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
3.სამსახურის მოსამსახურეებთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.
4.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში მიღებისას სტუდენტის მიერ სპეციალური შემოწმების გავლის, მისი სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების, აგრეთვე მის მიერ სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებით სარგებლობის, სხვა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების წესს ადგენს სამსახურის უფროსი.
5.სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას.
6.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებულისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
7.სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1342 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.






