Article 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები
1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები: ა) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობა; ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით; გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან; დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ე) (ამოღებულია - 08.06.2016, №5384); ვ) საზედამხედველო კაპიტალის ოდენობასა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის თანაფარდობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).
3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. ამასთანავე, კონსოლიდირებული აუდიტირებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში მზღვეველი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს თავისი, როგორც ცალკე სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) დაცვით.
