1.მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე. 1 1 . მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
2.დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89



