1.დამცველს, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებს უფლება აქვთ: შეაგროვონ მათ მარწმუნებელ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საჭირო ცნობები, მათ შორის, გამოავლინონ და შეკითხვები დაუსვან კერძო პირს, რომელიც ჯერ ოფიციალურად დაკითხული არ არის; გამოითხოვონ ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნა; მიმართონ მცოდნე პირს, გამოთქვას თავისი აზრი საქმის გამო წამოჭრილი სპეციალური საკითხის განსამარტავად, ჩატარებული ექსპერტიზის შესაფასებლად და შუამდგომლობის დასასაბუთებლად; მოიწვიონ ექსპერტი, ასევე საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი დასკვნის შესადგენად; ისარგებლონ კერძო დეტექტივის მომსახურებით მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობების მისაღებად.
2.დამცველისა და წარმომადგენლის მიერ ოფიციალურად წარმოებული გამოძიების გარეთ მოპოვებული მასალები, დოკუმენტები, ცნობები უნდა დაერთოს საქმეს და შეიძლება წარედგინოს სასამართლოს, როგორც მტკიცებულებანი.
3.დამცველის დასაბუთებული მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სავალდებულოა გამომძიებლისა და პროკურორისათვის. ამ მოქმედების ოქმი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მისი ასლი გადაეცეს დამცველს, რომელსაც უფლება აქვს დაიმოწმოს ისინი ბრალდებულის უდანაშაულობის ან მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა დასამტკიცებლად.
4.ცნობები წერილობითი და ზეპირი ფორმით, აგრეთვე საგნები და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, უფლება აქვს წარმოადგინოს აგრეთვე ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89






