საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 217. სასამართლო ხარჯების სახეები
1. სასამართლო ხარჯებია: ა) წინასწარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ფულადი სახსრები სისხლის სამართლის თითოეულ საქმეზე; ბ) პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათი გადასახდელებისა და გასამრჯელოსათვის დახარჯული ფულადი სახსრები.
2. სასამართლო ხარჯები შედგება: ა) დაზარალებულის, მოწმის, სპეცილისტის, ექსპერტისათვის გადახდილი თანხებისაგან – გამოცხადების ხარჯებისა და დღიური თანხის ანაზღაურების წესით; ბ) (ამოღებულია); გ) საპროცესო მოვალეობათა შესასრულებლად კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის (დამოუკიდებელი ექსპერტისათვის), საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტისათვის, სპეციალისტისა და თარჯიმნისათვის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხებისაგან; დ) მოწმისათვის, დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის, რომელთაც მუდმივი ხელფასი არა აქვთ, გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები მოსცდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას; ე) პროცესის მწარმოებელ ორგანოში პროცესის მონაწილეთა გამოძახებასთან დაკავშირებით მათ მიერ გაცდენილი მთელი დროის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებისაგან; ვ) ეჭვმიტანილისათვის, ბრალდებულისა თუ განსასჯელისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად დამცველისათვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხებისაგან – იმ შემთხვევებში, როცა ეს პირები განთავისუფლებულნი არიან დამცველის შრომის ანაზღაურებისაგან, ან როცა მონაწილეობს დამცველი დანიშვნით; ზ) ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვისა და გადაგზავნისათვის დახარჯული თანხებისაგან; თ) სახელმწიფო სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან; ი) ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების სახით გადახდილი თანხებისაგან, თუ ეს პირები გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან; კ) დაზარალებულისათვის ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხებისაგან; ლ) წინასწარ გამოძიებასთან ან სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლისა და ოპერატიული მუშაკებისათვის ხელფასის სახით გადახდილი თანხებისაგან. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.172 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405
